
შვეიცარიაში მოქმედი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, 2023 წლიდან, დელი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად ითვლება. IQAir-ის თანახმად, ინდოეთი ასევე მსოფლიოში მესამე ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა მეზობლების - ბანგლადეშისა და პაკისტანის - შემდეგ.
ინდოეთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი 2022 წლიდან გაუარესდა, როდესაც ის მერვე ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა იყო. ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა ინდოეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბეგუსარაისა და გუვაჰატში. როგორც ექსპერტები ამბობენ, სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, გარემოსდაცვითი კანონების არასათანადოდ ამოქმედებასთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში დაბინძურების ინდექსის ზრდაში - ქარხნები არ იცავენ გარემოს დაბინძურების კონტროლის ზომებს. სწრაფმა მშენებლობამ ასევე ხელი შეუწყო ჰაერის დაბინძურების დონის ზრდას.
IQAir-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინდოეთში PM2.5-ის საშუალო დონემ (წვრილი ნაწილაკები, რომლებიც სასუნთქი გზების შევიწროებას და მრავალ დაავადებას იწვევს) თითო კუბურ მეტრზე 54.4 მიკროგრამს მიაღწია. გლობალურად კი, ჰაერი, რომელიც თითო კუბურ მეტრზე 12-15 მიკროგრამ PM2.5-ს შეიცავს, სუნთქვისთვის უსაფრთხოდ, ხოლო 35 მიკროგრამზე მეტი - არაჯანსაღად ითვლება.
დელი მთელი წლის განმავლობაში ებრძვის ჰაერის დაბინძურებას, თუმცა ჰაერი განსაკუთრებით ტოქსიკური ზამთარში ხდება. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორებია, მათ შორის, მეზობელ შტატებში ფერმერების მიერ მოსავლის ნაშთების დაწვა, სამრეწველო და ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ქარის დაბალი სიჩქარე და ფესტივალების დროს ფოიერვერკების აფეთქება. გასულ წელს, ინდოეთის მთავრობამ სკოლები და კოლეჯები ტოქსიკური ჰაერის გამო რამდენიმე დღით დახურა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეთვალყურეობას უწევს მყარ ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრიც 10 μm (PM10) ან 2,5 μm (PM2.5) და უფრო ნაკლებია. ჯანმოს მიერ ჰაერის ხარისხის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ გამოქვეყნებული ინსტრუქციები მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეასრულა. მათ შორისაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისლანდია და ფინეთი. IQAir-ის თანახმად, ეს მონაცემები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 30000-ზე მეტი სადგურიდან შეგროვდა, რომლებიც განთავსებულია 134 ქვეყანაში, რეგიონსა და ტერიტორიაზე.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026