21/06/2023
16:32
პოლიტიკა
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ დაამტკიცებენ.
კობახიძეს ამის მიზეზად მოჰყავს ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი, სადაც მისივე თქმით, კანონპროექტის არმიღებაზე პარტნიორების მხრიდან "თხოვნა იქნა დაყენებული".
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ევროკომისია და ევროსაბჭო რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოზიციას გამოაცხადებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ოცნებას აინტერესებს, მოიხსნება თუ არა ეს საკითხი რეკომენდაციებიდან.
"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო, მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას"- თქვა კობახიძემ.
0
0