
პატრიარქი ილია მეორე როცა რაიმე გადაწყვეტილებას მიღებდა, შეიძლება იმ დროს ზოგს ვერ გაეგო, მაგრამ გადიოდა დრო და მერე ვხვდებოდით, როგორი დროული და წინმსწრები იყო მისი გადაწყვეტილება. სწორედ ასეთი იყო ამ დღის დაარსება, - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პატრიარქის მიერ ხაზგასმა, რომ არსებობს უმთავრესი საყრდენები, რომლებზე დაყრდნობაც ადამიანს უკეთეს პიროვნებად აქცევს.
„მე ვფიქრობ, პატრიარქმა ზუსტად განსაზღვრა ის, რომ საჭირო ბრძოლა იყო ფსევდოფასეულობებთან, რომლებმაც სამყარო მოიცვა, როგორ შეიძლება იბრძოლო, შეიძლება სწორედ იმით, რომ ამ სიმყარეზე გააკეთო აქცენტი.
როცა ფსევოდფასეულობებზე ვსაუბრობთ, ვხედავთ, რომ ადამიანებს გაუადვილდათ ერთმანეთის ლანძღვა სიტყვის თავისუფლების საფარველში, მაგრამ ეს პრობლემაა, რადგან შენი თავისუფლება სხვისი თავისუფლების დარღვევას არ ნიშნავს. საზოგადოებაც დიდი ოჯახია, დიდი ოჯახის მშენებლობა კი იწყება პატარა, მცირე ოჯახებით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ილია მეორის მიერ ამაზე ხაზგასმა და კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ არსებობს უმთავრესი საყრდენები, რომლებზე დაყრდნობაც გაგხდის კეთილს და ნამდვილ ადამიანს“, - აღნიშნა დეკანოზმა.
0
0