
პატრიარქის გარდაცვალება საერთო მწუხარება გახდა და ქართველები ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები მწუხარებამ გაგვაერთიანა , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, სამგლოვიარო დღეებში პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირების საგანი ხდებოდა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ილია მეორის ანდერძი არის ის, რომ მან სიცოცხლეში თავისი მოსაყდრე დაასახელა.
„მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, უწმინდესმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს.
მან ასეთი რამ თქვა: რომ „არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში [მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.], ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რათა აღარ ჰქონდეს ბჭობაო“.
ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძი“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
1
0