
ჩვენ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით, მოგვემზადებინა პროგრამა, რათა სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ.
„წელს არის 1700 წლისთავი ქართლის მოქცევისა და სიმბოლურად ამ პროექტში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა აისახა და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ქრისტიანული სიტყვის გავრცელების განახლება ასეთი სახით გვიწევს. მე მგონი, რომ ეს არის საუკეთესო. რაც შეიძლებოდა. ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩადებულია ძალიან დიდი შრომა, რომელიც დაეხმარება ადამიანს ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეძლოს სხვადასხვა ფასეულობების ამოცნობა.
„ჩვენ ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ქრისტიანობა იმდენად ბევრ რამეს შეიცავს თავის თავში, იმდენად ძლიერი სიტყვაა, რომ საუკუნეების მანძილზე არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ქრისტიანული სიტყვა არ იყოს გაზავებული – კულტურა იქნება ეს, ხელოვნება, თუ მეცნიერება. დღევანდელ დღეს, თუნდაც ურწმუნო ადამიანი, კულტურულად რომ ჩაითვალოს, საფუძვლები უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრებისა, ქრისტიანული კულტურისა. ჩვენ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით, მოგვემზადებინა პროგრამა და მოვმზადებულიყავით თავად, რათა სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება.
ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი ფიქრი, რა სახით უნდა გაკეთებულიყო ეს, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რა იყო უფრო მოსახერხებელი, რათა მიგვეწოდებინა თანამედროვე ადამიანისთვის ისეთი ფორმით, რომ ეს არ ყოფილიყო არც მოსაბეზრებელი, არც ძნელად მოსასმენი, ყოფილიყო ზომიერი. მთავარი, რაც არის, ყოფილიყო ორიენტირებული გემოვნების ჩამოყალიბებაზე, რომ ადამიანს შეეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ამოიცნოს ის ფასეულობები, რომლებიც გაბნეულია და რომელიც ავტორის მიერ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხით. გამზადებული ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა და მხოლოდ გულითადი შრომა, მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა ჩვენს შვილებზე განაპირობებს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს შედეგი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
0
0