
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
0
0