
„მივიღოთ ის, რაც ხდება ჩვენთან დღეს, რამეთუ ეს არის ჩვენი რწმენის გამოცდა. ამ გამოცდას ვინც ჩააბარებს, ის გაიმარჯვებს.“- ამის შესახებ მეუფე აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ღმერთი ყოველთვის მზრუნველია ადამიანზე და იმაზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს, რისი დათმენაც ჩვენ არ შეგვიძლია. ერთადერთი, ღვთის წინაშე, ჩვენი ვალია, სულიერი სიმშვიდით, ლოცვითა და ვედრებით, ამ ყველა განსაცდელს შევხედოთ ერთი უბრალო თვალითა და გონებით. გვძულს ცოდვა, ხოლო ცოდვის ჩამდენთათვის ვლოცულობთ და ვწუხვართ, იმიტომ რომ ისინი, პირველ რიგში, თავის თავს აზიანებენ.“ - აღნიშნა მეუფემ.
აბბა ალავერდელმა რწმენის სიმტკიცეზე და სინანულზე ისაუბრა.
„მივიღოთ ის, რაც ხდება ჩვენთან დღეს, რამეთუ ეს არის ჩვენი რწმენის გამოცდა. ამ გამოცდას ვინც ჩააბარებს, ის გაიმარჯვებს. ოღონდ, მოციქულთა სიტყვებით ვიტყვი- არცა მემრუშეთა, არცა მაგინართა, არცა ურჯულოთა, ღვთის მგმობელთა, დაიმკვიდრონ ღვთისა სასუფეველი. გამოცდას ესენი ვერ ჩააბარებენ. ვინც უშვერად ლაპარაკობს და იქცევა, მათთვის სასუფეველი მანამ იქნება დახშული, სანამ მათი სინანული არ იქნება და ღმერთს ვთხოვთ, ყველანი სინანულში მოვიდნენ, რადგანაც მხოლოდ სინანულით შეიძლება ქვეყანა გადარჩეს.
ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალ ასეთ ფაქტს იცნობს, თუ დიდიდან, თუ პატარამდე. იყო პერიოდი, როცა აღმაშენებელმა ქვეყანა დანგრეული ჩაიბარა. იყო პერიოდი, როცა ქეთევან დედოფალი იყო დედოფალი ქვეყნისა, როცა დრო არ გაცდებოდა, რომ მარბიელი არ შემოსულიყო. ყველაფერს ქრისტეს შეწევნით და იმედით, ჩვენი წინაპრები ითმენდნენ.“- განაცხადა მეუფემ ქადაგებისას და აღნიშნა, რომ ქვეყანა მხოლოდ ღვთის და მოყვასის სიყვარულით გაიმარჯვებს.
„ღმერთი ადამიანურ უძლურებებში ჩანს. როდესაც არ შევიცნობთ ჩვენს უძლურებას, ყველა გამარჯვებას ჩვენ გამარჯვებას ვაწერთ და ღმერთისთვის ადგილი არ გვრჩება. ვამბობთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. არა- ღმერთმა გაიმარჯვა და ჩვენ გვირგვინი მოგვცა. მან იბრძოლა და გამარჯვებულის სახელი ჩვენ დაგვიტოვა. ისე იქნება დღესაც. დაწყნარდება ქვეყანა, გაიმარჯვებს სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და სხვა, სირცხვილეულ იქნება. ნუ შეძრწუნდებით... ჩვენთან არს ღმერთი!“ - ბრძანა მიტროპოლიტმა.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025