15/11/2023
22:13
ეკონომიკა
"განხორციელებული არ არის არც ერთი აქტივობა... დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია საუბარი, რომელიც დავით ხიდაშელის მიერ რაჭის ტყეების დატოვებას ეხება.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები: არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება; ზურმუხტის ქსელის შეფასება; სისტემატური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თანამშრომლობა შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები; სამონადირეო მეურნეობის ზონირება; საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი მანიშნებლების მოწყობა ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობის დასაქმება (დასაქმებული პერსონალის 80%).
დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.
ამასთანავე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან", - წერია განცხადებაში.
0
0