
სამი ოპოზიციური პარტია - „გირჩი მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე კამპანიას იწყებს.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, კამპანიის მიზანია, გამოხატოს ქართველი ხალხის აზრი, რომ „საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრობას იმსახურებს და ვერცერთი ხელისუფლება ამ მისიის შესრულებას ვერ გადააფიქრებინებს“.
„24 თებერვალს ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარულები ვართ, ასევე მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. ამის ფონზე, „ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერ საქართველოს იდეის რეალიზებად მითითებულია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. არათუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ აინიცირებს რუსულ კანონპროექტს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს ეწინააღმდეგება.
ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე. ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში. ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი, ყველას აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის, ნატო-ს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0