
ეროვნული იდენტობისა და ფასეულობების დასაცავად ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან კონსულტაციებს იწყებს. რეჟისორ გიორგი სიხარულიძის განცხადებით, აუცილებელია ერთობლივი, გონივრული კანონის მიღება, რომელიც დაარეგულირებს სენსიტიურ საკითხებს და საზოგადოებას იმ რეალური საფრთხეებისა და სერიოზული დაპირისპირებისგან დაიცავს, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს.
"დღევანდელი დღიდან დავიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთან, რადგან ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თითოეულ ქართველს აწუხებს - ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება და დაცვა, გვინდა, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. მივიღოთ ერთად გონივრულად კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს იმ საფრთხეებს, რომელიც რეალურია და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ყველაფერი მიდის ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე," - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.
ცნობისთვის, თბილისში დაფუძნებული ახალი საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ისეთი კანონების მიღებას ითხოვს, რომლებიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას უზრუნველყოფს. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში არიან მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა ბრიტანული კანონის ანალოგიას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
0
0