
დავით ცინდელიანიც და პაატა ქარდავაც მოკლეს, ფეხზე მოაბეს ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის რომან შამათავა, რომელიც აფხაზეთის კუდ-ის უფროსი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სოზარ სუბარის თქმით, ეს იყო აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა.
„რატომ მივიდნენ ცინდელიანები პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ორი ადამიანის გატაცება, წამება, პირდაპირ დახვრეტა. ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, ეს დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის რომან შამათავა, რომელმაც აფხაზეთის კუდ-ის უფროსი იყო და ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე მოიტაცეს, 27 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში, ბაზართან ახლოს, დღისით მანქანაში ჩასვეს, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე. იქაც არავის დაუმალავს სახე, ყველამ იცოდა, რომ სამართალდამცველებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ საკითხზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0