
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Vinitaly“ ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა.
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე.
როგორც მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მევენახეობა-მეღვინეობა, აგრობიოტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი.
„ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებას. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება აკადემიურ ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ექსპერტული დიალოგის რეგულარული ფორმატები შეიქმნება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას.
იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
0
0