
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.
აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის, ისე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.
„კაკლისა და ნუშის წარმოება ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ დარგს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების განხილვა და ისეთი მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას და ახალი საექსპორტო პროდუქტის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დარგობრივი საბჭოს მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იქნება.
საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ - უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების დაგეგმვას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდება
27/04/2026