
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ვიცე-პრეზიდენტს, დონალ ბრაუნს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და IFAD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და სამომავლო პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი საძოვრების მართვას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, მეცხოველეობის განვითარებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
„საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობა ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას, ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და კლიმატის ცვლილების მიმართ სოფლის მეურნეობის მდგრადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია საძოვრების მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოსა და IFAD-ს შორის თანამშრომლობა 1997 წელს დაიწყო. ამ პერიოდში IFAD-მა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თანამშრომლობა მოიცავს სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ბაზრებზე წვდომის, ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების, მიწის რეგისტრაციისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი ესწრებოდნენ
0
0