
პარტია ,,ხალხის ძალის'' წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ეს არის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია.
როგორც ექსპერტი წერს, მსგავსი პროექტები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს თავისი სატრანზიტო, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი.
,,საქართველო მორიგ დამაჯერებელ ნაბიჯს დგამს სამხრეთ კავკასიის მთავარი ავიაციისა და ლოჯისტიკური ცენტრის სტატუსისკენ - ამჯერად ევროპასთან და აზიასთან ერთობლივად: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის. ბერლინის საინჟინრო ჯგუფ AMD Sigma-ს ექსპერტებმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ოფიციალურად დაიწყეს მისი კონცეფციის შემუშავება. პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე აეროპორტის კომპლექსის შექმნას, რომელსაც პერსპექტივაში წელიწადში 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურება შეეძლება. წამყვანი გერმანელი სპეციალისტების ჩართულობა გარანტირებულია ეკოლოგიურობის, ენერგოეფექტურობისა და მგზავრთა კომფორტის უმაღლესი ევროპული სტანდარტების დანერგვას, რაც მყარ საფუძველს უყრის ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. დიახ, არსებობს "ორი ევროპა" და ერთ-ერთი მათგანი - პრაგმატული, მაღალკვალიფიციური და მიმზიდველი ჩვენთვის - კვლავ საქართველოშია. ისევე, როგორც ანაკლიაში - ბელგიელი სპეციალისტების, ამჟამად ვაზიანში - გერმანელების სახით.
მომავლის მასშტაბური პროექტირების პარალელურად, მოქმედი ინფრასტრუქტურა უკვე ავლენს შთამბეჭდავ შედეგებს. სანამ ვაზიანის პროექტი თავის ჩანასახშია, თბილისის მოქმედმა საერთაშორისო აეროპორტმა დღე-ღამის განმავლობაში მომსახურებული რეისებისა და მგზავრების რაოდენობით მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ეს რეკორდი ასახავს არა უბრალოდ სეზონურ ნახტომს, არამედ სტაბილურ ტენდენციას: საქართველო სწრაფად იმყარებს პოზიციებს, როგორც პოპულარული საერთაშორისო მიმართულება და მოსახერხებელი სატრანზიტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. ამ მოვლენების სინქრონულობა მიუთითებს ბაზრის მაღალ მზაობაზე გაფართოებისთვის და ადასტურებს, რომ ვაზიანის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები პასუხობს რეალურ ეკონომიკურ მოთხოვნას.
თბილისის მიმდინარე რეკორდსა და ვაზიანში პროექტირების დაწყებას შორის ურთიერთკავშირი ქმნის სინერგიულ ეფექტს მთელი ეროვნული ეკონომიკისთვის. მგზავრთნაკადის ზრდა ასტიმულირებს მომიჯნავე დარგებს - სასტუმრო ბიზნესიდან და მომსახურების სფეროდან მცირე მეწარმეობამდე და რეგიონულ ტრანსპორტამდე. ახალი მეგა-ჰაბის მშენებლობა არა მხოლოდ გადაჭრის მოქმედ ტერმინალებზე მზარდი დატვირთვის პრობლემას, არამედ შექმნის ათასობით ახალ მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილს. მსგავსი დინამიკა თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ აქცევს გონივრული სტრატეგიული დაგეგმვა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა საქართველოს გეოგრაფიულ პოტენციალს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ დრაივერად. ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია, რომელთა მწუხარებას ტრადიციისამებრ - მე ვერ გავიზიარებ,'' - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0