
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც მოიცავდა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა "მეგობარმა" გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა, რითაც ჩანს, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა "დიფ სთეითის" აგენტურის ავანტიურული სცენარი.
„დასრულდა ანტიქართული ევრომინისტერიალი, უფრო სწორად - "ევრო-ისტერიალი". ევროკომისარი კაია კალასი დღეს თბილისს წერილს გაუგზავნის, სადაც ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერების წინ ხუთპუნქტიან ულტიმატუმს გააჟღერებს: ოპოზიციის რეპრესიების შეჩერება, მედიის რეპრესიების შეჩერება, საზოგადოებრივი აქტივისტების რეპრესიების შეჩერება, "პოლიტპატიმრების" გათავისუფლება და "რეპრესიული" კანონების გაუქმება.
საქართველოს "ცალმხრივი" მეგობრები: ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საფრანგეთი და პოლონეთი, გამოვიდნენ ინიციატივით - ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერება დამოკიდებული იქნება ოქტომბრის არჩევნების შედეგებზეო. ანუ, არჩევნებს, ჩვენი ოპო-შერეკილებისაგან განსხვავებით, ლეგიტიმურად ცნობენ, მაგრამ თუ ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვა - მაშინ მოქალაქეებს ვიზებს დავუწესებთო.
რა თქმა უნდა, მკაფიო პროქართული პოზიცია გამოხატა უნგრეთმა და სლოვაკეთმა. მაგრამ, არა მხოლოდ ამ ორმა. მოქალაქეებზე გავრცელებული სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ: საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია. ამ უკანასკნელმა პირდაპირ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ის თვითონ უბიძგებს საქართველოს, იძულებული გახდეს და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.
გარდა ამისა: ბელგიამ, ჩეხეთმა, დანიან, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ორმა EU-ს არაწევრმა ქვეყანამ (ისლანდია და ნორვეგია), მხარი არ დაუჭირეს მკვეთრი ზომების მიღებას, თუმცა ცალკეული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ. ასე რომ, მონაწილეთა უმრავლესობამ დაბალანსებული დამოკიდებულება გამოავლინა, დიალოგსა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე აქცენტირებით, თუმცა ზომიერების ფარგლებში - საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელების მხარდაჭერით.
საბოლოო ჯამში, ყველაზე ანტიქართული და შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა "ცალმხრივმა" და დაუძინებელმა ხუთმა "მეგობარმა" გააჟღერა, უმრავლესობამ არ მოიწონა. ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა "დიფ სთეითის" აგენტურის ავანტიურული სცენარი, რაც ღრმად დასნეულებული ევრობიუროკრატიის პირობებშიც კი, ანტიქართულ ფრონტზე მარცხად შეიძლება შევაფასოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0