
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმიანება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში.
დავით ქართველიშვილი პოსტს თან ურთავს ვიზიტისას გადაღებულ პროტოკოლურ სურათებს და აღნიშნავს, რომ ის, თუ რა ადგილი უკავია მაკა ბოჭორიშვილს სურათებზე [საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას], მეტყველებს იმაზე, რომ ის ფორუმის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი სტუმარია და არა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, „არალეგიტიმური“ ხელისუფლების წარმომადგენელი.
„ძნელია არ აღფრთოვანდე თანამედროვე პოლიტიკური ოპტიკის ამ საოცარი შერჩევითობით. როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას საერთო ფოტოს ცენტრში, პირველ რიგში ზის, მონაწილეობს სხდომებში, ხვდება კოლეგებს და ქვეყანას ათეულობით სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად წარმოადგენს - მაინც გვიხსნიან, რომ თითქოს ამ ყველაფერს „არალეგიტიმური“ ადამიანები აკეთებენ. მეტიც, მის გვერდით იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აშშ-ში საქართველოს ელჩი - მთელი დელეგაცია, რომელიც, თუ ზოგიერთი კომენტატორის ვერსიას დავუჯერებთ, პარალელურ რეალობაში არსებობს, თუკი საერთოდ არსებობს.
მართლაც საინტერესო სურათია: ვაშინგტონი მათ იწვევს, მასპინძლობს, იღებს საერთო ფოტოებს, სადაც ყველაზე თვალსაჩინო და საპატიო ადგილას აყენებს, მათთან მოლაპარაკებებს მართავს - ხოლო ზოგიერთი საგარეო თუ შიდა რადიკალი კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ ხდება, მირაჟი და მოჩვენებაა.
განსაკუთრებით საინტერესოა შედარება რადიკალების იმ რეაქციასთან, რომელიც საქართველოს წარმომადგენლების ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტებს მოჰყვება ხოლმე. როგორც კი ჩვენი სამთავრობო დელეგაცია ტაშკენტში, აშხაბადში ან ასტანაში ჩადის, მაშინვე ჩნდება ათობით ირონიული კომენტარი „აღმოსავლეთში გადასახლებაზე“, „იზოლაციაზე“ და სხვა გეოპოლიტიკურ საშინელებებზე. მაგრამ როდესაც იგივე მინისტრი ვაშინგტონში, ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელის გვერდით საერთაშორისო ფორუმის ცენტრში აღმოჩნდება, მოულოდნელად სრული სიჩუმე ისადგურებს. ლოგიკა მართლაც გამაოგნებელია: თუ ქართველ მინისტრს აღმოსავლეთში იღებენ - ეს ცუდია, თუ დასავლეთში იღებენ - ეს მთლად უარესი.
ამ ფონზე სიმბოლურადაც კი გამოიყურება ამ დღეებში კაია კალასის მარშრუტი, რომელიც თავის აფრიკულ ვოიაჟს მართავს - ეთიოპიასა და ჯიბუტიში. ამაში, რა თქმა უნდა, არაფერია უჩვეულო, ან მითუმეტეს, სამარცხვინო - ეს მისი საქმიანობის ნაწილია. თუმცა, კონტრასტი მაინც თვალშისაცემია: სანამ ზოგიერთი კვლავ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს, ხოლო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ყველაზე მკაცრი რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი ავტორი - ამერიკის დედაქალაქიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება. რეალობას კი, ერთი არასასიამოვნო თვისება აქვს - დროდადრო ჯგუფურ ფოტოებში ჩნდება და ზედმეტად ლამაზ პოლიტიკურ კონსტრუქციებს საკმაოდ უხერხულ კითხვებს უსვამს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1
0