
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილს, სადაც სტეფანჩუკი წერს, რომ „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.
ქართველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კვლავ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ოფიციალური თბილისი კვლავ მორალური საყვედურების სამიზნედ იქცა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოსგან უპირობო მონურ მორჩილებას ითხოვენ.
„საქართველომ კვლავ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. არ გაერიდა. არ „შეიკავა თავი“. ხმა მისცა - „დადებითად“. თითქოს საკითხი ამით უნდა ამოწურულიყო. მაგრამ, ნურას უკაცრავად, თბილისი კვლავ მორალური საყვედურების სამიზნედ იქცა. ამჯერად უკრაინის რადას სპიკერის - სტეფანჩუკის მხრიდან. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ მხარდაჭერის შემთხვევაშიც საქართველო მაინც მიუღებელია, მაშინ პრობლემა ამაში არ არის და რა აზრი აქვს ჩვენი მხრიდან, მათ მიერ დადგმულ ამ უნიჭო სპექტაკლებში მონაწილეობას. პრობლემა ხომ იმაშია, რომ ჩვენგან პოზიციას კი არა, უპირობო მონურ მორჩილებას ითხოვენ.
2022 წლიდან საქართველოს მიმართ თანმიმდევრულად მიმდინარეობდა ზეწოლა - ომში ჩართვის მოწოდებები, მორალური შანტაჟი, საჯარო ბრალდებები, დიპლომატიური დემარშები, ელჩის გაწვევა, სანქციებით მუქარა, საბრალდებო რიტორიკა. მაგრამ სწორედ ახლა დაიწყო შეტევის ახალი ტალღა: კვლავ ისმის ტონი, თითქოს თბილისი ვალდებულია უფრო შორს წავიდეს და მეტი რისკი აიღოს საკუთარ თავზე, ხოლო ამის სათავეში უკვე შეუიარაღებელი თვალით დიდი ბრიტანეთი და მათი სპეცსამსახურები მოიაზრებიან. ეს უკვე აღარაა პარტნიორული კომუნიკაცია, ეს არის ულტიმატუმის თავსმოხვევა: „სარეზოლუციო დონეზე პრინციპების მხარდაჭერა საკმარისი არ არის, თქვენ ლოიალობა უნდა დაამტკიცოთ ისეთი ნაბიჯებით, რომლებიც თქვენს რისკებს პრაქტიკული თვალსაზრისით გაზრდის“.
განსაკუთრებით საგულისხმოა კიდევ სხვა რამ. ორმოცდაათზე მეტმა სახელმწიფომ (აშშ, სომხეთი, ბრაზილია და სხვები) თავი შეიკავა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის აღიარებაზე. მათ შორის არიან გლობალური მასშტაბის მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური წონა, ასევე საქართველოს მასშტაბის მცირე სახელმწიფოები. არც ერთი მათგანის მისამართით, საჯარო "სიმკაცრე" არ ისმის. რატომ? იმიტომ რომ, დღეს საქართველოა ღია სამიზნე და არა თუნდაც საკუთარი, უკრაინული "ღირსებისა" თუ პრინციპების დაცვა. ეს აღარ არის ღირებულებებისთვის ბრძოლა, ეს ჰგავს იერარქიის დემონსტრირებას: ვისაც ადვილად დააწვები, იმას აწვები კიდეც.
უკრაინას სრული უფლება აქვს იბრძოლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ამაში საერთაშორისო სოლიდარობის ერთგვარ აბსოლუტურ ერთგულებად გადაქცევა, სტრატეგიული შეცდომაა. შემდგარი სახელმწიფოები ემოციებით კი არა, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. საქართველო მხარს უჭერს პრინციპებს, რადგან თავად ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიების რეალობაში. თანაც ღია დეკლარირებულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომლის პარლამენტმა 2008 წლის საშემოდგომო სესიაზე ხმათა უმრავლესობით შემდეგ სამარცხვინო და ანტიქართულ რეზოლუციებს უყარა კენჭი:
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს", "საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 დეპუტატმა (450-დან) დაუჭირა, „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ No3070 დადგენილების პროექტს" და ა.შ. ზოგადად კი, მაშინ იუშენკოს და იაცენიუკის უკრაინაში, საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა.
დღეს კი, სწორედ ამ სამარცხვინო რადას სამარცხვინო სპიკერი შეურაცხყოფას აყენებს შალვა პაპუაშვილს და საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობას და უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის. მესმის, რომ სუვერენიტეტი უკრაინისთვის უცხო და მიუღებელი სიტყვაა, მაგრამ სწორედ სხვას დაუწუნო სუვერენიტეტი, ამით არ უნდა იყო დაკავებული. სუვერენიტეტი არის ვალდებულება, რომ ელემენტარულად გადარჩე, ეს არის გადარჩენის ყველაზე ქმედითი ფორმულა და ჯავშანი. ხოლო, განვლილ რეზოლუციას და კენჭისყრას, რომ დავუბრუნდეთ: თუ ქვეყანა ხმას აძლევს „დადებითად“ და მაინც არასაკმარისად ლოიალურად ცხადდება, მაშინ კრიტერიუმი არა მის პოზიციაში, არამედ ვასალური დაქვემდებარების ხარისხშია. ასეთ ფორმულას კი არც ერთი ღირსეული, თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო ვერ დაეთანხმება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1
0