
„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, მაშინ როცა ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობენ, ქართულ რადიკალურ ბანაკში ნებისმიერ საუბარს დიპლომატიურ მოქნილობაზე ან რეგიონული რეალობის გათვალისწინებაზე, კვლავ „ევროატლანტიკური იდეალების ღალატად“ ნათლავენ.
„ოდნავ ფეხმძიმედ ყოფნის“ კონცეფცია მსოფლიო პოლიტიკაში ყოველთვის იმსხვრევა სასტიკი დიპლომატიური რეალობით. ჯერ კიდევ 2022 წელს ევროატლანტიკური მეინსტრიმი ენთუზიაზმით ეჯიბრებოდა ერთმანეთს ფორმულირებებში: რუსეთის ფედერაციისთვის ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ (ზოგმა - გამოაცხადა კიდეც), პუტინისთვის კი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის გამოწერას. გადის ოთხი წელი და პირდაპირი კონტაქტების შეთავაზებით ევროპელი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი რიგი დგება: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კონტაქტების აღდგენაზე აცხადებს, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი პირდაპირ მოუწოდებს კრემლთან დიალოგისკენ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ, ხოლო გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპული წარმომადგენლობის აუცილებლობას აღიარებენ.
უცაბედად აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა საკვანძო მოთამაშეების მონაწილეობის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, კუთხეში ჯდომა კი, სანამ გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ, ევროპელ ლიდერებს კატასტროფულად უქმნის დისკომფორტს. და აი, დგება ჭეშმარიტების მომენტი: სანამ პარიზში, ჰელსინკსა და ბრიუსელში პრაგმატულ მიდგომას აყალიბებენ, ქართული რადიკალური ოპოზიცია საოცარ პოლიტიკურ სიყრუეს იჩენს. წლების განმავლობაში საკუთარი იდენტობის 2022 წლის ყველაზე ხისტი ევროპული შაბლონების ბრმა კოპირებაზე აგებით, იგი ჩარჩა იმ ილუზიაში, თითქოს „ნამდვილი ევროპული არჩევანი“, ეს მხოლოდ უდრეკი, უპრინციპო მაქსიმალიზმია. ეტყობა, სიგნალები ევროპიდან თბილისამდე ჩვენს დაყრუებულ, დაბრმავებულ და აზროვნება გამოშიგნულ რადიკალებამდე კატასტროფული დაგვიანებით აღწევს, ან შესვლამდე იფილტრება.
სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით. როდესაც კონტინენტის საკვანძო დედაქალაქებში ფრთხილად ეძებენ კავშირის არხებს და „რეალპოლიტიკაზე“ საუბრობენ, ქართულ რადიკალურ ბანაკში ნებისმიერ საუბარს დიპლომატიურ მოქნილობაზე ან რეგიონული რეალობის გათვალისწინებაზე, კვლავ „ევროატლანტიკური იდეალების ღალატად“ ნათლავენ. გამოდის კომიკური სურათი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს.
ოპოზიციის მიერ ამ ფაქტებისა და განცხადებების იგნორირება უბრალოდ სიბრმავე კი არ არის, არამედ მათივე შიზოფრენიული პოლიტიკური ნარატივის გადარჩენის საკითხია. იმის აღიარება, რომ ევროკავშირის საკვანძო ფიგურები უკვე ღიად განიხილავენ კრემლთან ურთიერთქმედების ჩარჩოებსა და პირობებს, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რადიკალების მთელი უწინდელი ხისტი რიტორიკა დაძველდა და აქტუალობა დაკარგა. ბევრად მარტივია თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება და საკუთარი მთავრობისგან იმ უდრეკობის მოთხოვნის გაგრძელება, რომელზეც თვითონ ევროპელმა გრანდებმა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად უკვე სრულიად მშვიდად თქვეს უარი. შიგნიდან გაკოტრებას, გარედან გაკოტრებაც, რომ ემატება, აი სწორედ ამ შემთხვევაში მართებს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღიარება: „მე - მომკლეს, ბაბუ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0