
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება დანიის არჩევნებს. ანალიტიკოსი წერს, რომ შედეგები პარადოქსულია, ვინაიდან გაძლიერდა ყველა პარტია, გარდა „სოციალ-დემოკრატებისა“ - ფორმალურად პირველ ადგილზე მყოფი პარტიისა. ქართველიშვილის აზრით, ეს მიუთითებს ძველი სტაბილურობის მოდელის დასრულებაზე:
„პოლიტიკური ველი იშლება რამდენიმე მდგრად ბლოკად, რომელთაგან არც ერთს არ შეუძლია პირობების კარნახი. ამ კონფიგურაციაში მთავარი დამარცხებული არის არა რომელიმე პარტია, არამედ თავად დანიური სახელმწიფო, თავისი ძველი სახით“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ საშინაო პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებები, სულ უფრო ცხადად ებმის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით ტრამპისა და გრენლანდიის კონტექსტში.
„2026 წლის დანიის არჩევნები არ ქცეულა არც ერთი პოლიტიკური ძალის ტრიუმფად, თუმცა ისინი ძველი სტაბილურობის მოდელის დასრულების ნიშნად იქცა. ფორმალურად პირველ ადგილზე კვლავ დარჩა „Social Democrats“ პარტია, რომლის ლიდერიცაა ნეთე ფრედერიქსენი - მისი შედეგი (დაახლოებით 22%) სტრატეგიულ მარცხეს უფრო ჰგავს. ეს არის სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულებში და ასახავს ნდობის დაკარგვას ორივე მხრიდან: მარცხენა ელექტორატი უფრო რადიკალურ ძალებთან გადადის, მარჯვენა კი ეროვნულ-კონსერვატიულ პარტიებთან.
ფრედერიქსენი კვლავ რჩება ყველაზე დიდ მოთამაშედ, მაგრამ უკვე აღარ აკონტროლებს პოლიტიკურ ველს, მხოლოდ ცდილობს მასზე პოზიციების შენარჩუნებას. ამ ფონზე რეალურ ბენეფიციარად გვევლინება პარტია „Moderates“-ი, რომელსაც ხელმძღვანელობს ლარს რასმუსენი. პარტიამ არ გაიმარჯვა კლასიკური გაგებით, თუმცა სწორედ მან მიიღო მთავრობის ფორმირების გასაღები. ეს რასმუსენს აქცევს ფიგურად, რომელზეც დამოკიდებულია ხელისუფლების მთელი შემდგომი კონფიგურაცია დაყოფილი და პოლარიზებული პარლამენტის პირობებში. ასეთი ვითარება მიუთითებს დანიის პოლიტიკის ღრმა ტრანსფორმაციაზე: ცენტრი უკვე არა მართავს სისტემას, არამედ მხოლოდ ბალანსირებს კონკურენტ ბანაკებს შორის.
ამავე დროს, გაძლიერდა მარჯვენა ფლანგი: „Danish People’s Party“-მ აღიდგინა დაკარგული პოზიციები, ხოლო „Venstre“-მ (რომლის ლიდერია თროელს ლუნდ პოულსრნი) - უარი თქვა ძველი წესებით თამაშზე და სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერაზე. პარალელურად, გაძლიერდა მარცხენა ფლანგიც, მათ შორის „Socialist People’s Party“. შედეგი პარადოქსულია: ძლიერდება ყველა, გარდა თავად ძველი სისტემისა. დანიის პოლიტიკური ველი აღარ არის ცენტრალიზებული; ის იშლება რამდენიმე მდგრად ბლოკად, რომელთაგან არც ერთს არ შეუძლია პირობების კარნახი.
ამ კონფიგურაციაში მთავარი დამარცხებული არის არა რომელიმე პარტია, არამედ თავად დანიური სახელმწიფო თავისი ძველი სახით. ფრაგმენტირებული პარლამენტი, სტაბილური უმრავლესობის არარსებობა და მზარდი გარე ზეწოლა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის კონტექსტში, ქმნის ახალ რეალობას, სადაც შიდა გადაწყვეტილებები სულ უფრო მჭიდროდ ებმება გეოპოლიტიკას. დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0