
ვენეციის კომისიის დასკვნაში უშინაარსო ფაქტებზე ერთი და იმავე შინაარსის წიაღსვლები მხოლოდ აღქმებით ანალიზს გულისხმობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ჩათვალა ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ.
„შეერთებულმა შტატებმა კომისია იმ დროს დატოვა, როდესაც მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ის ჩარჩო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებს მცდარ დასკვნებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0