
ევროკავშირმა საქართველოსადმი დამოკიდებულება და პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ეს ყველაფერი დღითი დღე მეტად დადგება დღის წესრიგში ევრაზიის კონტინენტზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს დასცილდა, რაც ევროჩინოვნიკებმა უნდა გაიაზრონ.
„დადებითია, რომ გეოგრაფიის თვალსაზრისით სხვადასხვა მიდგომა ერთგვარი მიდგომით შეიცვალა და თვალი გაუსწორეს მსოფლიო რუკას, მით უმეტეს, პოლიტიკურ რუკას. გაცვდა ის ფრაზა, სადაც, პრაქტიკულად, არასწორი, უსაგნო და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობენ საქართველოს პოლიტიკური მდგენელის დაკნინებას და იმგვარად წარმოდგენას, რაც ცალკეულ ევროჩინოვნიკებს აწყობთ. სინამდვილეში, მოცემულობა აბსოლუტურად სხვაა. ევროკავშირმა საქართველოსადმი დამოკიდებულება და პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ეს ყველაფერი დღითი დღე მეტად დადგება დღის წესრიგში იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეს ევრაზიის კონტინენტზე არსებობს. საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შუა დერეფანი, როგორც გამტარი – მატარებელი რეალიზებული იქნება. კალასი, თუ სხვა ევროჩინოვნიკი იქნებიან იმ მოცემულობის წინაშე, რომ სურვილები, რომლებიც საქართველოს მიმართ ცალკეულ ძალებს აქვთ, რაც ორმაგ სტანდარტში გამოიხატებოდა, ობიექტური, სწორი და სამართლიანი დამოკიდებულებით შეიცვალოს.
რა თქმა უნდა, ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო არის საქართველოს სურვილი, ევროკავშირში გაერთიანდეს და მისი წევრი გახდეს. ჩინოვნიკებმა კარგად გაიაზრონ ეს ფრაზა, რადგან სამწუხაროდ, ევროკავშირი ამ ღირებულებებს დასცილდა. ჩვენ დღეს პოლიტიკურ მოცემულობაში რასაც ვხედავთ, ის ღირებულებითი ერთობაა, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა. ბუნებრივია, ამ ფრაზაში აბსოლუტური სიმართლეა, რომ ევროკავშირი არის ღირებულება, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ საქართველო ამ ვექტორს დასცილდა. პირიქით, დროა, მეტად მოხდეს თვალის გასწორება იმ რეალობისთვის, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, დემოკრატიული აღმშენებლობა არის რადიკალურად და კარდინალურად შეცვლილი უკეთესობისკენ. ამისთვის თვალის გასწორება პოზიტიური იქნება არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გასაღრმავებლად და იმ ევროსკეპტიციზმის შესამცირებლად, რომელიც სწორედ ევროკავშირის არასწორი, ორმაგ სტანდარტზე დამყარებული პოლიტიკიდან გამომდინარე არსებობს ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0