
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონიასთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერი და პროფესიული იყო.
დავით გურგენიძის განცხადებით, განხილვის შედეგები უახლოეს პერიოდში განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს გადაეცემა, ხოლო კვირის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა მინისტრთან, რის შემდეგაც მხარეები საბოლოო პოზიციების შეჯერებას მოახდენენ.
სტუ-ს რექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ზეწოლა არც ერთ მხარეზე, ხოლო ყველა გადაწყვეტილება კონსტიტუციის ფარგლებში იქნება მიღებული.
„რაზე ვისაუბრეთ მთელმა ქვეყანამ იცის, ასევე, ჩვენმა კოლეგებმა უცხოეთში. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა ხელმძღვანელობამ, საბჭომ, დეკანებმა ლექტორებმა, ადმინისტრაციამ თავისი მოსაზრებები, წინადადებები წარმოადგინა კონცეფციასთან დაკავშირებით - თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შერწყმა, რა არის ამაში დადებითი, რას ვხედავთ უარყოფით მხარედ, ეს იყო პროფესიული საუბარი. დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს .
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
მე როგორც ლექტორს, პირადი აზრი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება აზრის დაფიქსირების მანამ, სანამ ყველა მხარესთან არ მექნება საუბარი. ჩემ აზრს, რომელიც გამაჩნია, დავუფიქსირებ ჩემ კოლეგებს, შემდეგ კი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს“,- განაცხადა გურგენიძემ.
რექტორის განმარტებით, ერთი წელია 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო განათლების რეფორმაზე მუშაობს, თუმცა უნივერსიტეტების შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მათთვის მხოლოდ ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი.
„ერთი წელია 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. მაგრამ უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება ჩემთვის და ჯაბასთვის [სამუშია] ცნობილი წინა დღეს გახდა. მეორე დღეს მინისტრთან შეთანხმებით დღეს შევკრიბეთ პროფესორ-მასწავლებლები და გავაცანით ეს იდეები”, - აღნიშნა მან.
გურგენიძის თქმით, მას როგორც ლექტორს, პირადი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა მის დაფიქსირებას მანამ არ გეგმავს, სანამ ყველა მხარესთან არ გაიმართება კონსულტაციები.
„ამ საკითხებზე ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ და დავდებთ შედეგს, რომელიც დასადებია ორივე უნივერსიტეტისათვის. მე და ჯაბა [სამუშია] ვიცით რამხელა ტვირთი გვაქვს, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“,- განაცხადა გურგენიძემ.
0
0