
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ დოკუმენტს 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
"ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, რეინტეგრაციის საკითხებში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს არის რეზოლუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და, მეორე მხრივ, მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და თანაავტორობით. მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების...", - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.
0
0