
მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს, – ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის,, დენის კრივოშეევის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მთელი რიგი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილი, დაშავება და შემდგომში სამედიცინო დახმარებაზე უარი – ყველაფერი ეს დადასტურებულია სასამართლოზე თავად პოლიციის თანამშრომლების მიერ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ იმარჯვებს. სასამართლო პროცესს თან სდევდა სერიოზული პროცედურული დარღვევები და მიკერძოება. სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესობა და უარი თქვა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
0
0