
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებზე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უწყებას არ ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის მოლოდინი.
„სამწუხარო მოვლენა მოხდა 5 ივლისს, იყო სრულიად დაუგეგმავად, მოულოდნელად, მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. უბრალოდ, შედარებისთვის რომ გითხრათ, წინა ექვსი წლის განმავლობაში, ხუთი ივლისი სანამ მოხდებოდა, სულ ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაში სულ 50 საქმეზე ჰქონდა გამოძიება დაწყებული. ანუ, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ ეს ჯგუფები თავდასხმას მოახდენდნენ ჟურნალისტებზე. მაგრამ, მოხდა სამწუხარო ფაქტი, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება. 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდიოდა გამოძიება და ათასობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, არაერთი ვიდეომტკიცებულება და ელექტრონული მონაცემი იქნა შესწავლილი, თუ რაიმე კამერა იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა კამერა იქნა ამოღებული, ასევე ჟურნალისტებსაც ვთხოვეთ, რომ მათაც მოეწოდებინათ თუ რამე მტკიცებულება ჰქონდათ“, – განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, ზუსტად 2 წლის წინ, 5 ივლისს, თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.
0
0