
პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 95.22%. წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.
15 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა შეფასდა როგორც "უპრეცედენტოდ მაღალი". წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 36.13% მმართველმა პარტიამ - კანონმა და სამართლიანობამ მიიღო, 30.03% - დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ, 14.44% - მესამე ძალამ, 8.43% - ახალმა მემარცხენეებმა, ხოლო 7.18% - კონფედერაციამ. სწორედ ამ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა საარჩევნო ბარიერი.
წინასწარი მონაცემებით, იაროსლავ კაჩინსკის კანონი და სამართლიანობა 460-ადგილიან პარლამენტში 196 მანდატს მიიღებს, დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა 158-ს, მესამე ძალა - 61-ს, ახალი მემარცხენეები 30-ს, ხოლო კონფედერაცია - 15-ს.
მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა დიდი ალბათობით კოალიციას შექმნის მესამე გზასთან და ახალ მემარცხენეებთან. ულტრამემარჯვენე კონფედერაცია კი, მოქმედი მმართველი გუნდის თანამოაზრედ მიიჩნევა.
კანონი და სამართლიანობა იაროსლავ კაჩინსკის ლიდერობით, უკვე 8 წელია, რაც პოლონეთს მართავს. მმართველი პარტიის პოლიტიკის კრიტიკოსების თქმით, 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ PiS-მა პოლონეთის სასამართლო სისტემა და საზოგადოებრივი მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია.
0
0