
ოლიმპიადა დამთავრდა, დასავლეთი კი ისევ პინგ-პონგს გვეთამაშება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ასე შეაფასა ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, დასავლელი პარტნიორები ამ თემის განხილვას ყველანაირად თავს არიდებენ. ზელენსკიმ ამის შესახებ ფორუმზე „უკრაინა-2024, დამოუკიდებლობა“, განაცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს ზელენსკის, თუ რომელი „წითელი ხაზების“ ეშინია დასავლელ კოლეგებს და რატომ არსებობს დღემდე შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის იარაღის გამოყენებაზე“?
„ისინი ცდილობენ ამაზე არ ისაუბრონ. მე მუდმივად ვაყენებ ამ საკითხს. საქმე ასე გახლავთ - ოლიმპიადა დამთავრდა, ხოლო პინგ-პონგი დარჩა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ბოლო სარაკეტო იერიშის მოგერიებაში ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16 მონაწილეობდა, რომლებმაც ძალზე კარგი შედეგი აჩვენა. „ჩვენ რამდენიმე რაკეტა ამ თვითმფრინავებით ჩამოვაგდეთ. დიდი მადლობა პარტნიორებს, რომ ეს თვითმფრინავები მოგვაწოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა მზად არის თეთრ სახლს მიაწოდოს იმ მიზნების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებით ცეცხლის გახსნაზე რუსეთის ტერიტორიაზე ვაშინგტონი ნებართვას მისცემს. უკრაინა აშშ-სგან რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების უფლებას მოითხოვს.
0
0