18/04/2024
11:19
მსოფლიო
გასულ თვეში, მალიში 48 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ერთ-ერთი საავადმყოფოს ინფორმაციით, ექსტრემალურ სიცხეს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
საჰელის რეგიონისა და დასავლეთ აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში ძლიერი სიცხე მარტის ბოლოდან დაიწყო და აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდა. სიცხე ყველაზე ძლიერად მალისა და ბურკინა-ფასოს სამხრეთ რეგიონებში იგრძნობოდა.
მალის დედაქალაქ ბამაკოში, გაბრიელ ტურეს საავადმყოფომ განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში, სიცხის შედეგად, 102 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა დაახლოებით ნახევარი 60 წელზე მეტი ასაკის იყო.
World Weather Attribution ჯგუფის კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ განაპირობა, რომ მალისა და ბურკინა ფასოში ტემპერატურა, ნორმალურ დონესთან შედარებით, 1,5 გრადუსით უფრო თბილი იყო, ღამე კი - საშუალოზე 2 გრადუსით უფრო ცხელი გახდა.
„კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურის 1,4 ან 1,5 გრადუსით მომატება შეიძლება ზოგიერთს დიდ ზრდად მიაჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური სიცხის ტალღები ჯერ კიდევ შედარებით იშვიათია ამ რეგიონში, კლიმატის დათბობასთან ერთად, ისინი უფრო ხშირი გახდება. საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეზე 1.2C-ით უფრო თბილია. მსგავსი მოვლენები მალიში 200 წელიწადში ერთხელ მოხდება. თუმცა, თუ გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, ძლიერი სიცხე ყოველ 20 წელიწადში ერთხელ განმეორდება“, - თქვა ბურკინა-ფასოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის კლიმატის ცენტრის კლიმატოლოგმა კისვენსიდა გუგმამ.
აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გვალვის გამო მოსავალი შემცირდა, რასაც 20 მილიონამდე ადამიანის შიმშილი მოჰყვა. წყლის დეფიციტმა ზამბიასა და ზიმბაბვეში, მეზობელ მალავიშიც, ქოლერის აფეთქება გამოიწვია.
მკვლევარების შეფასებით, წიაღისეული საწვავის წვამ ტემპერატურა 1,4C-ზე მეტად გაზარდა. თუმცა სამხრეთ აფრიკაში გვალვაზე ჩატარებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცხის გამომწვევი მიზეზი ელ ნინო იყო, რომელმაც პიკს დეკემბერში მიაღწია.
0
0