26/10/2024
15:32
პოლიტიკა
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დადგა გამარჯვების დილა, დარწმუნებული ვარ, რომ გველოდება გამარჯვების საღამო და ძალიან დიდი, ნათელი გზა, რომელსაც საქართველო მიიყვანს იმ განვითარებამდე, რომ დაიკავებს თავის კუთვნილ ორბიტას მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში, საიდანაც მისი ამოგდების მცდელობა იყო უაღრესად სერიოზული. ლეიბორისტულმა პარტიამ ოლიგარქიული რეჟიმი მიიყვანა დასანქცირებამდე ძალიან დიდი ბრძოლით, 12 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რეჟიმის ადგილი დედამიწის პოლიტიკურ ორბიტაზე აღარ დარჩა, ისინი ფაქტობრივად არიან უკვე გადაყენებული, დღეს ჩვენი ამოცანა და მიზანია აი ეს გადაყენება გავაფორმოთ, ნოტარიულად, ეროვნულად, როგორც გვჩვევია, მშვიდად, მშვიდობიანად და დავუდოთ გზა ახალ ფურცელს ჩვენი ქვეყნის იმ დიდ ისტორიაში, რომლის ათასწლეულები მოდიოდა და ვერავინ ვერ გააჩერა და ვერანაირი ძალა წინ ვერ აღუდგა და ასე იქნება ახლაც ჩვენი ხალხის სიდიადიდან, სილამაზიდან და სიბრძნიდან გამომდინარე და თანაც მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით დგას აი ამ დიდ ბრძოლაში და მთელი მსოფლიო ელოდება შედეგს, მთელი მსოფლიო ელოდება დღეს საღამოს ქართული არწივის აფრენას კოსმოსურ სიმაღლეებში და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. გადარჩენა დღეს საქართველოსი არის ათიანის გაფერადება - ეს არის გზა, ლეიბორისტული პარტია არის ძალა, რომელმაც არამარტო ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეცვალოს, არამედ აღარ უნდა დაუშვას ახალი ოლიგარქის მოსვლა, ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება და უნდა დავიწყოთ ევროპული სოციალიზმის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანს ექნება ცხოვრების, არსებობის, მოღვაწეობის ადამიანური, ცივილიზებული, ნორმალური გარანტიები და ეს გარანტიები აუცილებლად იქნება შესრულებადი და არამხოლოდ დაპირებადი.
გაგვიმარჯოს, ხალხო! დიდ ბედნიერებას, დიდ სიხარულს გისურვებთ! ეს ყველაფერი ახლოვდება, ეს ყველაფერი იქნება არამარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის კუთვნილება! - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი
0
0