08/05/2024
15:45
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ, მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს. სხვა არაფერი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმ რეალობას აცდენილ განცხადებებზე, რომელიც მან აკეთა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს.
„ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს, ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და ხუთ დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, არც ეს ვითომდა მათი აზრით მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს.
ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს და ყველას უფლებებს დავიცავთ, ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია, ქვეყანა და ერი ერთიანია.
ახლა მინდა, შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა – ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ?! რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე?! ახალგაზრდებს, რომ თავპირი დაამტვრიეთ. თქვენი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენ თვალწინ, ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ?! საერთოდ ვინ ხართ?! საიდან მოხვედით?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები?!
მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ინფორმაცია გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ თქვენ ამ ანტიქართულ-მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწერონ. ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში?! იმიტომ, რომ თქვენმა ბრძანებელმა გადაწყვიტა, რუსული კანონი მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში. საქართველოში, რომელიც არის ღირსეული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით?! ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით?! ქართველ ხალხს უპირისპირდებით, რომლებსაც გულწრფელად უნდათ ამ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება?! ამ სისულელეების ბოდვას და როშვას მოეშვით, მოეგეთ გონს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული“.
0
0