
ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური საჭიროებაა, – ამის შესახებ დანიის ევროპის საკითხთა მინისტრმა, მარი ბიერემ კოპენჰაგენში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების დაჩქარების გზებს.
„ჩვენ განვიხილავთ ჩემს კოლეგებთან, ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და ასევე კანდიდატ ქვეყნებთან, როგორ შეგვიძლია, დავაჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე დროს, შევინარჩუნოთ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა. მიზეზი, რატომ ვაკეთებთ ამას, არის ის, რომ ახლა გაფართოება გეოპოლიტიკური საჭიროებაა. ჩვენ გამოწვევებით სავსე დროში ვცხოვრობთ. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა და გაფართოება. კანდიდატი ქვეყნები ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ“, – განაცხადა დანიის ევროპის საკითხთა მინისტრმა.
მარი ბიერემ ასევე განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვისა და უკრაინის განცალკევება უსამართლო იქნება უკრაინის მიმართ.
„საუბარი როდესაც არის მოლდოვასა და უკრაინაზე, გაფართოებასთან დაკავშირებით რეგიონული მიდგომა გვაქვს. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი სწორედ უკრაინა გახდა. ეს განპირობებული იყო უკრაინაში რუსეთის მასშტაბური ინტერვენციით, ახლა ეს უსაფრთხოებას ეხება და უსამართლო იქნებოდა უკრაინის მარტო დატოვება. ჩვენ წინ უნდა ვიმოძრაოთ ასევე უკრაინასთან ერთად“, – აღნიშნა მარი ბიერემ.
0
0