11/01/2025
21:43
მსოფლიო
გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დანიამ გრენლანდიის შესყიდვასთან დაკავშირებით აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, ტრამპს გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ძალის კონცენტრაციის გაზრდა შესთავაზა.
როგორც Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის გუნდისთვის გადაცემულ გზავნილში ნათქვამია, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ დანია მზად არის აშშ-ს მხრიდან კუნძულთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა მოთხოვნა განიხილოს.
გამოცემის თანახმად, წყაროებმა თქვეს, რომ დანიის მთავრობას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საჯარო დაპირისპირება არ სურს და ტრამპის გუნდს არჩეული პრეზიდენტის კომენტარების განმარტების თხოვნით მიმართა.
როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა Axios-თან საუბრისას თქვა, დანია ევროკავშირში აშშ-ის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა და არავინ ფიქრობდა, რომ ის პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც ტრამპი დაუპირისპირდებოდა.
აშშ-ს და დანიას 1951 წლიდან შეთანხმება აქვთ, გრენლანდიის კუნძულზე კი აშშ-ს სამხედრო ბაზები არის განთავსებული.
მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, გრენლანდიის საკუთრება და კონტროლი აშშ-ისთვის აბსოლუტური აუცილებლობაა."
გრენლანდიის პრემიერმინისტრმა მუტე ეგედემ 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი მზადაა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სალაპარაკოდ.
მუტე ეგედემ ასევე ხაზი გაუსვა გრენლანდიის მისწრაფებებს. მისი თქმით, "ჩვენ დამოუკიდებლობის სურვილი გვაქვს, სურვილი, რომ ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი თავად ვიყოთ... ეს არის ის, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს".
0
0