დანია სამხედრო სამსახურში გასაწვევ ქალთა რაოდენობის გაზრდასა და ჯარში მსახურების სტანდარტული დროის გახანგრძლივებას გეგმავს.
დანიის მთავრობას ასევე სურს, რომ, ნატოს მიზნების მისაღწევად, თავდაცვის ბიუჯეტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით გაზარდოს.
"ჩვენ ვიარაღდებით არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ მის თავიდან აცილებას ვცდილობთ. მთავრობას სქესთა შორის სრული თანასწორობის მიღწევაც სურს", - თქვა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტერ ფრედერიკსენმა.
იმავდროულად, თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა თქვა: „სამხედრო სამსახურში ქალების უფრო ინტენსიურად გაწვევამ, მათ შორის სრული გენდერული თანასწორობის მიღწევამ, ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრას, ეროვნულ მობილიზაციას და ჩვენი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას“.
მთავრობა სამხედრო სამსახურში ქალთა გაწვევას 2026 წლიდან გეგმავს. მსახურება 4-დან 11 თვემდე გაგრძელდება როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ნორვეგიისა და შვედეთის შემდეგ, დანია მესამე ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ქალების მსახურებას დააწესებს. 2023 წელს, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გაზაფხულზე სახალხო დღესასწაულის გაუქმებას, რათა სამხედრო ხარჯები გაზარდონ.
ევროპაში დაძაბულობა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა.
0
0