
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე რეპეტიციის მიმდინარეობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.
თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში,ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.
1
0