26/05/2023
12:55
პოლიტიკა
დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის- ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
„1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის".
პირველი დამოუკიდებლობა მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა.
ამ მცირე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელი კრიტერიუმებითაც კი უაღრესად პროგრესული იყო.
1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა; ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა. ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ - თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს თავისუფლებისაკენ.
დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ. თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე - ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0