
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის "აქტიურ გამოძიებას" აწარმოებენ. ამის შესახებ Times of Israel იუწყება.
"აქტიურ გამოძიებას ვაწარმოებთ 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასევე, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. ჩვენ აქ იურისდიქცია 2014 წლიდან გვაქვს". – თქვა ხანმა.
ICC-ის პროკურორი ამბობს, რომ პროფესიულად იმუშავებენ, რათა "ბრალდება ფაქტისგან განასხვაონ" და რელევანტური მასალა სრულად გააანალიზონ.
"დამოუკიდებლად ვუყურებთ სიტუაციას პალესტინაში, ვუყურებთ მოვლენებს ისრაელში და ბრალდებებზე, რომ პალესტინელმა მოქალაქეებმაც ჩაიდინეს დანაშაულები, გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება". – თქვა ხანმა.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების "დაპირებები" და მიზნები უნდა შესრულდეს.
"ეს არის ობიექტურობის მომენტი, ჩუმი დაფიქრების მომენტი [...] საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო არქიტექტურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევზე, საზარელი გაზის კამერებისა და ჰოლოკოსტის, ევროპის ქალაქების განადგურების საფუძველზე აშენდა, უნდა შეექმნა ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფდა, რომ აღარასდროს ვიხილავდით სისაძაგლეებს, როცა ადამიანებზე მათი რასის, რელიგიის, კულტურის, წარმომავლობისა ან პასპორტის გამო შეიძლება იერიში მიიტანონ". – თქვა ხანმა.
ამასთან, ხანმა დაამატა, რომ "არ უნდა იყოს რამენაირი წინაღობა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისათვის, რომელიც მოხმარდება ბავშვებს, ქალებსა და კაცებს – მშვიდობიან მოსახლეობას". მისივე თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, საერთაშორისო ჩვეულებათა სამართლით და ჟენევას კონვენციით განსაზღვრული მშვიდობიან მცხოვრებთა უფლებების შეზღუდვამ შეიძლება ჩამდენის რომის წესდების ფარგლებში "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა" განაპირობოს.
0
0