11/10/2021
15:16
საზოგადოება
„სამი პიროვნება მიეცა პასუხისგებაში. ვინ იყო იქ ჩართული, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც კურირებს გამომძიებელი და ზედამხედველ-პროკურორი. მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ რა გააკეთა ან რა ჩვენება მისცა. იმ მტკიცებულებებით, რაც წარედგინა სასამართლოს, მათ წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს. გამოძიება გრძელდება. დამნაშავეების სიას დაემატება თუ გამოაკლდება ვინმე, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. ყველაფერ ამას გამოძიება გვიჩვენებს“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
26 მაისი ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
0
0