10/11/2021
19:16
საზოგადოება
გიული ალასანია ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მიმართავს და დახმარებისკენ მოუწოდებს.
ალასანია ამბობს, რომ „ყველაფერი კეთდება, ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“.
„უმძიმესი მდგომარეობა მაქვს, ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ტკივილები. ის კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება.
მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს შვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მათ ყველას მივმართავ, დამეხმარეთ. ნუ დაუშვებთ იმას, რომ ასე თვალწინ მოგვიკლან ადამიანი, რომელმაც წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა.
რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა? ის, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტია და რამაც დააბრუნა ის თავის ქვეყანაში, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო, რომ მას ელოდა.
ძირითადი მისი დანაშაული ყველამ ვიცით რაც იყო. ეს იყო, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%. ძალიან გთხოვთ ... ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება, ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ“, - აცხადებს გიული ალასანია.
ინფორმაციისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
0
0