14/08/2023
11:42
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე შოვში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როცა საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ღვარცოფულ მასაში მოჰყვნენ, მათი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუნდაც დამატებითი რესურსების გამოყენების შემთხვევაში.
„არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძე აქვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებას, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ თუ ადამიანის სიცოცხლეს იმ წამს საფრთხე არ ემუქრება, არ არის მიზანშეწონილი, რომ პილოტებმა გარისკონ ღამე ფრენა.
„თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე, ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული, და ამას განმარტავდა შს მინისტრი“, - ამბობს კობახიძე.
0
0