
კახეთში, ცხვრების გატაცების საქმეზე 5 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილით გაავრცელა. ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა, გელა ბადუაშვილიც.
როგორც ცნობილია, შინგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზებულმა ჯგუფმა წინასწარ გაზრახვით თავისუფლება აღუკვეთა მოქალაქეს, გაიატაცა და დაეუფლა 1700-მდე ცხვარს, კრიმინალური გარჩევისას კი გამოიყენეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი და ნაგანი.
2 პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, დანარჩენები კი, სულ 5 პირი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
როგორც “მთავარი არხი” წერს, გელა ბადუაშვილმა ერთ-ერთ ფერმერს 600 სული ცხვარი გაატანა, შესაბამისი ანაზღაურების ვერმიღების შემდეგ კი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ჩავიდა ფერმაში და ცხვრები უკან დაიბრუნა, რასაც ფერმერის გაღიზიანება მოჰყვა და კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0
0