15/12/2021
16:07
სამართალი
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს. მათ ბრალი "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ - ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და "ქურდული სამყაროსთვის" სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, "ქურდული სამყაროს" ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.
აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს - გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ "ქურდული სამყაროს წევრების" საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.
,,ქურდული სამყაროს“ წევრები - გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ.
"ქურდული სამყაროს" აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული და არაოფიციალური დოკუმენტაცია.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
0
0
TasteAtlas შოთის პურის შესახებ წერს
01/11/2024