
„გირჩი“ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას გამორიცხავს.
იაგო ხვიჩია ასევე დარწმუნებულია, რომ „გირჩი“ საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
„რომ გითხრათ ახლა, „ნაცებთან“ გავერთიანდები ან ვინმე სხვასთან, ეს გამორიცხულია, ეს არც სწორია და არც შედეგი ექნება“,-განაცხადა ხვიჩიამ.
მან არ გამორიცხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.
„თქვენ დაინახავთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია „შეერეკება“ „ნაცებში“, ჩვენ მარტო დავრჩებით და ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ, „ნაცები“ და ქოცები“. ძალიან სიცოცხლისუნარიანები ვართ იმიტომ, რომ სულ სიმართლის სახელით ვმოძრაობთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ეთანხმება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას „ნაცებად“ მოიაზრებს. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე მოთხოვნა აქვთ და ერთი და იმავე სისტემაზე არიან აწყობილები.
„კობახიძე რომ გამოდის და ამბობს, „ლელო“ „ნაციაო“, შეიძლება არ მოგწონდეს კობახიძე, ეკამათო მას, მაგრამ მე როგორ უნდა დავუმტკიცო საზოგადოებას, რომ კობახიძე ცდება? ის ხომ ამაში მართალია. არაფერი განსხვავებული „ლელოს“ და „ნაცებს“ ერთმანეთისგან არ უნდათ. ასევე, ზურა ჯაფარიძეს და ლაკა ხოშტარიას. მათი პოზიციები, მათი რადიკალიზმი.
ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავენ, ფიზიკურად მე რომ „ნაცი“ მეძახო, ჩემგან „ნაცი“ არ გამოვა, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილისგან. ორგანული „ნაცი“ არ არის გახარია, რაღაც პრობლემა აქვს ამ თვალსაზრისით. გახარიას „მოღალატესაც“ ეძახიან, ამასაც და იმას.
დანარჩენები, 2012 წლის „ნაცები“ რომ არიან და პლუს „ლელო“ დამატებული, ისინი ხომ „ნაღდად“ ერთი და იგივე მოთხოვნის ბუკეტით მოძრაობენ. მეტსაც გეტყვით, „ევროპული საქართველოც“ იქ უნდა იყოს ჩემი აზრით. გიგი წერეთელი როგორ შეიძლება სადმე სხვაგან იყოს, თუ არა „ნაცებში“, კაკო ბობოხიძე როგორ შეიძლება სხვაგან იყოს?!“-განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, მან ხელისუფლების დამარცხების საკუთარი ფორმულაც გააჟღერა.
„ამიტომ მინდა ესენი ყველა „შევდენო“ „ნაცებში და „ქოცებში“, რომ პარლამენტში იყოს „ნაცები“, „ქოცები“, ოღონდ არცერთს არ ჰქონდეს უმრავლესობა. მე ვიყო საჭირო იმისთვის, რომ მათ რაიმე გააკეთონ. ეს არის ჩემთვის „ქოც-ნაცობის“ დასრულების ფორმულა, ამას ვთავაზობ საზოგადოებას“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0