07/03/2023
01:57
ტურიზმი
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერლინში ვიმყოფები. ჩვენ ყველანი ბერლინელები ვართ დღეს და ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, ვაერთიანებთ ჩვენს ინიციატივებს საერთაშორისო მეგობრობის და სოლიდარობის კონტექსტში”, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
როგორც ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე, რომლის მასპინძელიც საქართველოა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, წელს ბერლინში მიმდინარე ღონისძიებაზე 200 სესია ჩატარდება, რაც საქართველოს პარტნიორობით მოხდება.
"ოთხი წელია, რაც არ შევკრებილვართ ბერლინში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ნამდვილად დავბრუნდით. 400 ლიდერი, ექსპერტი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. 200 სესია ჩატარდება და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემი სამშობლოს, საქართველოს პარტნიორობით ტარდება. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მონისტრს ამ ღონისძიებაზე და ვულოცავ ამ ისტორიულ მიღწევას. ძვირფასო ირაკლი, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი, ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ასევე გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც ჩამობრძანდა, აქ მუშაობს უკვე რამდენიმე დღეა, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.
"ტურიზმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი მიმართულება და კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და გაიზარდოს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მასშტაბი და უნდა შევქმნათ მშვიდობის და გაგების მექანიზმი ტურიზმის საშუალებით. თითქმის ერთი წლის წინ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და პირველად ჩვენმა ორგანიზაციამ და მისმა წევრებმა რუსეთს შეუჩერეს წევრობა. ყველამ მხარი დაუჭირა ჩვენს ორგანიზაციაში მისი მანდატის შეჩერებას და ერთადერთი გაერო-ს ორგანიზაციაა, რომელმაც შეუჩერა რუსეთს წევრობა. ამავდროულად, ტურიზმის სექტორი პრაქტიკულ დახმარებას უზრუნველყოფს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეფექტი იქონია ამ მოვლენამ“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ტოლერანტობისთვის.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ მშვიდობა დაბრუნდეს და ნდობა აღდგეს. როგორც ვიცე-კანცლერმა ჰაბეკმა ბრძანა, ტურიზმი არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ტოლერანტობისთვის. ჩვენ კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის გაზრდა კლიმატის ცვლილების დასაძლევად და ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ მოკავშირეების საშუალებით. ისტორია ბერლინში არის ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მშვიდობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურების შეცნობა და ათვისება. ჩვენ ამას ვაკეთებთ ინოვაციებისთვის, წინსვლისთვის და ძალიან სწორ ადგილას და სწორ დროს ვართ. მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ ყველა ყველგან ამ მიმართულებით ასრულებდეს თავის საქმეს. მიხარია, რომ დავბრუნდით და რადგან გადავხედე პროგრამას, საუკეთესო ნიმუშები იქნება ჩემი ქვეყნისა წარმოდგენილი, რაც ძალიან მიხარია. მე ვიცი, თქვენ დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ. მე წარმოვადგენ ამ პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელ, ძალიან ლამაზ ქვეყანას“, – განაცხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
0
0