
გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, „ლეიბორისტების“ მთავრობა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს სქესის შეცვლის შესაძლებლობას მისცემს.
თავდაპირველად რეკომენდაცია, რომელიც „კონსერვატორების“ ლიდერის, კემი ბადენოხის მიერ იყო შემუშავებული, დაწყებითი სკოლის ბავშვებს გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელების შეცვლას უკრძალავდა, თუმცა მოგვიანებით მთავრობამ დოკუმენტში კორექტივები შეიტანა და მოსწავლეებს ოთხი წლიდან „სრულყოფილი სოციალური გარდაქმნის“ მიზნით საპირისპირო სქესზე გადასვლის ნება დართო.
აღნიშნულ თემაზე წერს The Guardian-იც. გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სკოლის ასაკის მოზარდებს, რომლებსაც საკუთარ გენდერულ იდენტობაში ეჭვი ეპარებათ, ნება მისცა გამოიყენონ სხვადასხვა ნაცვალსახელი.
The Guardian-ის ცნობით, ეს არის დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ მთავრობის რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ „კონსერვატიული“ მთავრობის მიერ 2023 წელს მიღებულ რეკომენდაციებში საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლის მოსწავლეებმა „არ უნდა გამოიყენონ ისეთი ნაცვალსახელები, რომლებიც მათ სქესს არ ემთხვევა“.
დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს განცხადებით, რეკომენდაციები ბავშვების გენდერულ გარდაქმნასთან დაკავშირებით შემუშავებულია 2024 წელს ექიმ ჰილარი კასის მიერ.
The Guardian-ის ინფორმაციით, რეკომენდაციები სკოლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება. განათლების სფეროს პროფკავშირები აღნიშნულ სიახლეს მიესალმებიან. ბრიტანეთის განათლების მინისტრის, ბრიჯიტ ფილიფსონის განცხადებით, ახალი რეკომენდაციების მიზეზი პრაგმატულობაა. ის მოუწოდებს ადამიანებს, არ გამოიყენონ საკითხი „პოლიტიკური თამაშისთვის“.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მშობელს, რომელიც გადაწყვეტს მისი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელის შეცვლას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ბავშვის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.
0
0