14/03/2023
19:27
პოლიტიკა
მოძრაობა "ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს.
მისი თქმით, პროპაგანდა, რომელიც კანონის რუსულად შერაცხვასა და დეპუტატების მოღალატეებად შერაცხვას ემსახურებოდა, ლიბერალური ფაშიზმის შედეგია.
"შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ. ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია.
და დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით - ან დაამტკიცონ რომ ეს რუსული კანონია, ან ვხედავთ რუსულ საქმეს ვინც აკეთებს.
რუსული საქმეა აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა. 1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს „საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს.
იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ.
ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია! არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად - 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატისა და მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, კანონპროექტი საბაბი იყო, რათა რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განევითარებინა.
"ორი გზა არის, თუ ასე გვინდა ომში ჩაბმა: წავიდეთ და ვიომოთ, ან ჯაფარიძესავით შარვლის ჩახდით გავაღიზიანოთ მტერი. მესამე გზა ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ტერიტორიების დაბრუნების გზად მშვიდობა გვაქვს გამოცხადებული! აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენ მათთან ერთად, მშვიდად ცხოვრება გვინდა!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0