17/01/2025
13:43
პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვსაუბრობდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი, ბუნებრივია ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს, რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი, ამიტომ დაუწესეს სანქციები და ამიტომ საუბრობს ბრიტანეთი მის სანქცირებაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში მის ვიზიტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის სანქცირებას უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ბლოკავს და ევროკავშირმა დიპლომატია უნდა გამოიყენოს, რომ ორბანმა ბიძინა ივანიშვილთან სიტუაციურ თანამშრომლობაზე უარი თქვას.
"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე კი სრული კონსენსუსი. ვიქტორ ორბანი ვეტოს უფლებას იყენებს, შესაბამისად, ამ კონსენსუსს ბლოკავს. ახლა მნიშვნელოვანია დიპლომატია, რომ ვიქტორ ორბანმა სიტუაციური ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან დათმოს, საერთო ევროპული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ბრიტანეთის მხრიდან აშშ-ს მსგავსი რეაქციები ვიხილოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, ის ვეღარ მოაგვარებს ამ პრობლემებს.
ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ივანიშვილს დარჩა, მაგრამ არ ესმის, ეს არის ახალი არჩევნები. ის კარგად არ იცნობს დასავლურ სამყაროს. არ იცის, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მას ეგონა, რომ რიტორიკის დონეზე იქნებოდა სანქციებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, მას აჯერებენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება აშშ-ს მიერ სანქცირების პოლიტიკის გადახედვა. სინამდვილეში კი პირიქით, აუცილებლად უნდა მოხდეს ე.წ. ბიზნესის, ბიძინა ივანიშვილთან შეზრდილი კრიმინალურ ჯგუფად ქცეული პირების სანქცირება - ფხაკაძეები, რუხაძე, რომელიც მთავარი დეზინფორმატორია და ქვეყანას ძირს უთხრის თავისი „იმედით“, არ უნდა დასანქცირდეს? ამ თემაზე მქონია საუბარი აშშ-ში, მაგრამ არგუმენტი იყო, რომ ის აშშ-ს მოქალაქეა და მის წინააღმდეგ „მაგნიტსკის“ აქტის გლობალური გამოყენება ვერ მოხდება, მაგრამ აქ შემოდის დიდი ბრიტანეთი და „იმედთან“ დაკავშირებული კომპანიები იქ არის რეგისტრირებული“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკოსი, ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რაც საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია.
„2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი, “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია - ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, მათ ქვეყანა იზოლაციაში შეიყვანეს...
დაგვადოს ხელბორკილები, მე პირადად და პარტიის არცერთ წვერს არ ეშინია, ყველაფერი გამოვიარეთ 12 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ლიდერი არ დარჩენილა, რომლის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა ან საქმე არ აღძრა ან არ დაიჭირა ან არ დაემუქრა, ამ ქვეყანაში ივანიშვილის - პუტინის მონის - და შემდეგ მისი მონების არავის ეშინია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0