05/02/2024
15:40
ტურიზმი
ზურულდის მთა მესტიას 6 კმ-იანი სასრიალო ტრასით დაუკავშირდება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
„საქართველოში მთის კურორტების განვითარების მიზნით, 2024 წელს დაგეგმილია მესტიაში, ჰაწვალის მთაზე სრულიად ახალი, ჯამში 6 კმ-იანი სასრიალო ტრასების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც ზურულდის მთას დააკავშირებს დაბა მესტიასთან,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, როგორც სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, ასევე დაგეგმილია სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ახალი, 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2024 წელს საქართველოში შეიქმნება საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.
„2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უპრეცედენტოდ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, როდესაც, პირველად ისტორიაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც 26.2%-ით გადააჭარბა პანდემიანმდელ მაჩვენებელს.
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2024 წელს ქვეყანა მიაღწევს კიდევ უფრო შთამბეჭდავ გაუმჯობესებას და გაიზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები,“- ნათქვამია დოკუმენტში.
0
0