
თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი უქმდება. “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, უქმდება.
პროფესიული თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას “პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც შემოქმედებით მიმართულებას განსაზღვრავს და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კანონი თეატრის დირექტორის თანამდებობას ითვალისწინებს, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს.
როგორც პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატები განმარტავენ, თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა მოქნილი არ არის და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. მათივე აზრით, მოქმედი კანონით განსაზღვრული თეატრების სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თეატრის სპეციფიკას და გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.
“ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების შეფასებითვე, თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს მათ შორის უფლებამოსილებების აღრევას, მართვის შეფერხებას და თეატრის სათანადო ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.
“შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ორი თანამდებობის გაერთიანება და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად თეატრის დირექტორის განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით იმპერატიულ ნორმებს შეიცავს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს და სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს სათანადოდ არ აწესრიგებს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად წესრიგდება თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის განისაზღვრება დირექტორობის კანდიდატის კონკურსის საფუძველზე შერჩევის შესაძლებლობა.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ნორმა, თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით.
ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შესაბამისი თეატრების დირექტორებად ჩაითვლებიან.
ამასთან, პროექტის მიხედვით, თეატრების დირექტორები კანონის ამოქმედებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია - ბოლო თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობით.
0
0