
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესზე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ბადრი ესებუამ პროკურატურას სთხოვა შეწყვიტოს მოწმეების ემოციებზე თამაში და “გაუფრთხილდეს ემოციებს”.
„თხოვნა მაქვს, მოწმე დადებითი ემოციებით არის და პროკურორი რაღაცნაირად ცდილობს რომ დაამძიმოს ადამიანი და თხოვნა მექნება, გაუფრთხილდით ემოციებს“, - აღნიშნა ესებუამ პროცესზე.
პროცესზე ჩვენება ყოფილმა მძევლებმა მისცეს. აღსანიშნავია, ის რომ 9 მოწმიდან ესებუას ამოცნობა ვერცერთმა ვერ შეძლო.
ერთ-ერთმა მოწმემ პროცესზე თქვა, რომ ის ვერ მოახდენს იდენტიფიცირებას.
"ის ადამიანი რომ მივამსგავსო ხომ უნდა მენახა, ადამიანი ისე იყო შეფუთული რომ ვერ ვხედავდი. თვალიც კი შეღებილი ჰქონდა შავად“, - აღნიშნა მოწმემ სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.
სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.
0
0